მუხლუხოიანი მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილია მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ჯავშანი კომბინირებული ტიპისაა და წინა პროექციიდან უზრუნველყოფს 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან დაცვას. ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა STANAG-ის IV დონისაა და 10 კილოგრამი ტროტილის ექვივალდენტ აფეთქებაზეა გათვლილი. მოდულური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ბორტებზე დამონტაჟდეს დამატებითი საჯავშნე ელემენტებიც.
მანქანას გააჩნია სტანდარტული ქსმ-ის კონსტრუქცია, მის წინა მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ძრავის ნაკვეთური, მის მარცხნივ მძღოლ-მექანიკოსი. უკანა ნაწილი მთლიანად სადესანტო ნაკვეთურს უკავია. პირადი შემადგენლობის მანქანიდან სწრაფი დესანტირებისთვის კი დაყენებულია გასაშლელი რამპა, რომელშიც დამატებით ამოჭრილია პატარა კარი.
სავალი ნაწილი მუხლუხიანია, გააჩნია ტორსიონალური დაკიდების სისტემა და ხუთი წყვილი საყრდენი ბორბალი. მუხლუხოებზე გზის საფარის დასაცავად
დაყენებულია რეზინის დამცავი ბუნიკები.
კორპუსის წინა და უკანა ნაწილში დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის კამერები საიდანაც მიღებული გამოსახულება მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოდის.
მანქანაზე შეიარაღების სახით დამონტაჟებულია დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული 23 მმ კალიბრის 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის სატანკო ტყვიამფრქვევით.
ტექნიკური მახასიათებლები:
სიგრძე - 6130 მმ
სიგანე - 3068 მმ
სიმაღლე - 2163 მმ
ცარიელი მასა - 14850 კგ
ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 7 კაცი
მაქსიმალური სიჩქარე - 70 კმ/სთ
ძრავის სიმძლავრე - 400 ცხ/ძალა
საწვავის ავზი - 400 ლიტრი
სვლის მარაგი - 450 კმ
ჯავშანი - 4569 STANAG
კლირენსი - 444 მმ
დახრილობა - 31 °
დაგვერდება - 17 °
გადალახვადი ვერტიკალური წინაღობა - 70 სმ
გადალახვადი თხრილი - 2000 მმ
გადალახვადი წყლის დაბრკოლება - 1200 მმ
ძირითადი შეიარაღება - 23 მმ ავტომატური ქვემეხი 2A14
დამხმარე შეიარაღება - 7,62 მმ ტყვიამფრქვევი ПКТ
საბრძოლო კომპლექტი ქვემეხზე - 100 ჭურვი
საბრძოლო კომპლექტი ტყვიამფრქვევზე - 500 ვაზნა