ნაღმსატყორცნის საცდელი მოდულით აღჭურვილი „დიდგორი მეომარის“ დანიშნულება ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერაა.
მანქანა მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნით ძალზე ეფექტიანია მცირე და საშუალო ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას, განსაკუთრებით მთაგორიან რელიეფზე.
საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას „დიდგორი მეომარის“ საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლიკური მექანიზმით ეშვება ქვევით, გრუნტზე მიბჯენამდე და წევს მანქანის უკანა ხიდს ჰაერში სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის. ნაღმსატყორცნიდან შესაძლებელია, როგორც რუსული (საბჭოთა) მოდელის, ასევე NATO-ს სტანდარტის სხვადასხვა ტიპის ნაღმების სროლა. მანქანის საბრძოლო კომპლექტი 24 ნაღმისგან შედგება. ნაღმსატყორცნის საცდელი მოდულის საბრძოლო მახასიათებლები შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.
„დიდგორი მეომარის“ მაღალი გამავლობის ბაზა, უზრუნველყოფს საცეცხლე პოზიციის სწრაფ დატოვებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი კონტრბატარიული ცეცხლით მანქანის განადგურების რისკებს.
ტექნიკური მახასიათებლები:
სიგრძე 7240 მმ
სიგანე 2350 მმ
სიმაღლე 2870 მმ
საბრძოლო მასა 8200 კგ
სვლის მარაგი 500 კმ
ძრავის სიმძლავრე 330 ცხ/ძალა
გადაცემათა კოლოფი - ავტომატური
მაქსიმალური სიჩქარე - 120 კმ/სთ
ეკიპაჟი - 5 კაცი
ჯავშნის დონე - EN1063 სტანდარტით BR7+
შეიარაღება - 120 მმ კალიბრიანი ნაღმსატყორცნის მოდული
სროლის მინიმალური მანძილი - 480 მეტრი
სროლის მაქსიმალური მანძილი - 7100 მეტრი
ლულის ამაღლების კუთხე - 45° - +80°
ლულის მობრუნების კუთხე ფიქსირებულ საყრდენ ორფეხაზე - ±5°
სამიზნე მოწყობილობა - ოპტიკური ან ინერციული დამიზნების ბლოკი.